რუსუდანი (* დაახლოებით 1194 ― † 1245), საქართველოს დედოფალი 1223-1245, თამარ მეფის ასული. 1223 იქორწინა სულთნის თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინიზე, რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა. რუსუდანის მეფობის პირველ წლებში (1223-1225) საქართველოს ლაშქარმა რამდენჯერმე ილაშქრა არან-აზერბაიჯანში, სადაც ვასალურმა და მეზობელმა ქვეყნებმა მტრული მოქმედება დაიწყეს. გარნისის ბრძოლაში (1225) ჯალალედინმა დაამარცხა საქართველოს ლაშქარი, რომელსაც ივანე ათაბაგ-ამირსპასალარი მეთაურობდა და ხვარაზმელები 1226 თბილისს მიადგა. რუსუდანი და სამეფო კარი ქუთაისში გადავიდა. ჯალალედინმა 9 მარტს თბილისი აიღო. ხვარაზმელებმა გაწყვიტეს ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობა (ქართველები და სომხები), დიდძალი ქონება იგდეს ხელთ. თბილისის აღების შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვა-რბევას შეუდგა. 1225-30 განმავლობაში რომლის ლაშქარი სხვადასხვა ადგილას გამუდმებით ებრძოდა ხვარაზმელებს.
დაახლოებით 1230/1231 რუსუდანმა თავისი 5 წლის ვაჟი დავითი თანამოსაყდრედ აკურთხებინა ქუთაისში. დაახლოებით 1233 რუსუდანი და სამეფო კარი თბილისში გადავიდნენ. 1235 მონღოლებმა აიღეს საქართველოს ყმადნაფიცი განძა (განჯა) და თბილისისკენ წამოვიდნენ. რუსუდანმა თბილისის დაცვა ციხისთავ მუხას ძეს დაავალა, თვითონ კი ისევ ქუთაისში გაიქცა. 1236/1237 რუსუდანმა თავისი ასული თამარი რუმის სულთანს ყაიას ედ-დინს მიათხოვა და მასთან გაგზავნა ლაშა გიორგის ძე დავითი, რომ, როგორც ტახტის მოსალოდნელი მეტოქე, თავიდან მოეშორებინა.
რუსუდანმა და მთავარსარდლობამ ვერ გაუწიეს მონღოლებს ორგანიზებული წინააღმდეგობა. სამეფოს სანაპირო-სასაზღვრო რაიონების მმართველები (ავაგ ამირსპასალარი, ვარამ გაგელი, შანშე მანდატურთუხუცესი და სხვები) ბრძოლის მაგიერ თავიანთ ციხესიმაგრეებში შეიხიზნენ დაქსაქსული ძალების დამორჩილება მონღოლებმა შედარებით ადვილად შეძლეს. 1239/1240 რუსუდანმა რომის პაპს სთხოვა დახმარება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და დაიწყო საზავო მოლაპარაკება მონღოლებთან. ამავე დროს მან ბათო-ყაენთან გაგზავნა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი არსენი, რომლის დაბრუნების შემდეგ მონღოლებს დაუზავდა. 1242/1243 რუსუდანი და მისი ძე დავითი თბილისში გადავიდნენ, საიდანაც დავითი ყაენთან გაგზავნეს. დასნეულებული რუსუდანი მის მოლოდინში გარდაიცვალა.